2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

11 თებერვალი, 2021

2021 სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრულია 1 534 000 ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:

  • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
  • სარწყავი სისტემები;
  • სანიაღვრე არხები;
  • ნაპირსამაგრი სამუშაოები;
  • გზები და გზისპირა მოსაცდელები;
  • ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
  • გარე განათება;
  • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
  • ამბულატორიის შენობები;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
  • სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
  • წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
  • მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

ჩამოთვლილი კატეგორიებიდან, მოსახლეობის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, დასახლების საერთო კრებაზე, შეირჩევა ისეთი პროექტები რომელთა გადაჭრასაც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა პრიორიტეტულად მიიჩნევს.

მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (გარდა დაბა მესტიისა) მაცხოვრებლებს შესაძლებლობა გაქვთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი საპროექტო წინადადების განაცხადი წარადგინოთ თქვენთვის მისაღები ფორმით:

  • მატერიალური ან/და ზეპირი ფორმით - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში (მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი #1; ტელეფონი: +995599721216; ასევე მერის წარმომადგენელთან თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში;
  • საპროექტო წინადადების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: lanamchedliani@gmail.com;

მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე (იხ. დასახლების საერთო კრებების განრიგი), ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების მარტივი უმრავლესობით უპირატესი პროექტი.

საპროექტო წინადადებების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 2021 წლის 22 თებერვალი, 17:00 საათი.

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროცედურების განხორციელებას, საპროექტო წინადადებების მიღებას, საპროექტო წინადადების შემუშავების პროცესში კონსულტირებას, მოსახლეობასთან ურთიერთობასა და მათ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისია.

გააზიარე