გამოფენა „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876"

6 აგვისტო, 2020

3 აგვისტოს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ხალდეს აღორძინების ფონდის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876" .

მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოგვითხრობს თავისუფლებისათვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული, მაღალმთიანი პატარა სოფლის - ხალდეს მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვაზე.

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაურ ჩართოლანმა და ხალდეს ისტორიის მკვლევარმა თორნიკე გასვიანმა. მათ ისაუბრეს ხალდეს აჯანყების დეტალებზე და მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი რუსუდან ჯაფარიძე და სხვა სტუმრები.

ღონისძიება დასრულდა სვანეთის ფოლკლორული ანსამბლ ,, რიჰო" ს მიერ შესრულებული სვანური სღერებით.

გამოფენა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში 31 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი.

გააზიარე