,,ნატოს დღეები 2019“

9 October, 2019

7 ოქტომბერს, მესტიაში, ,,ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში ,,ნატოს“ სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა მესტიის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში, ჩატარდა, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მოდერაცია გაუწია ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ.

3-31 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები იმართება. წლევანდელი ნატოს დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება. ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება.
ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.
ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

Share page