უშგულში 6 კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უშგულში კიდევ 6 კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ეგიდით, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში რთულ მდგომარეობაში მყოფი კიდევ ექვსი სვანური კოშკი აღადგინეს: მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემის სოფელ მურყმელში ემზარ კაკრიაშვილისა და თამარ ღვაჩლიანის, სოფელ ჟიბიანში ზამირ რატიანისა და შურა ნიჟარაძის, ხოლო სოფელ ჩაჟაშში მარინე და მურმან ნიჟარაძეების კოშკები რეაბილიტირდა. სამუშაოები ჩაუტარდა კოშკების კედლებს, გაკეთდა გადახურვისთვის საჭირო ხის კონსტრუქციები, შეიფიცრა სახურავი, შესაძლებელი გახდა ხის მასალის ცეცხლდაცვა, ჰიდროიზოლაცია, სახურავის ფიქლით დაფარვა, გაკეთდა სართულშორისი გადახურვები. სამუშაოების ღირებულება სულ 324 281 ლარია.