"თამარ მეფე" და "სვანეთის ისტორია"
სვანები, „ამაყი და ველური შესახედაობის ხალხი“ ოდითგანვე ვითვლებოდით დიდი ისტორიის, კულტურისა და ადათ-წესების მატარებელ, პატრიოტ ადამიანებად.
სვანეთის შესახებ არსებული უნიკალური მასალების გაცნობა სიამაყისა და ერთგვარი პასუხისმგებლობის გრძნობით ავსებს ქართველ კაცს და პატივისცემით განაწყობს როგორც თავად ისტორიისა და წინაპრების, ასევე მკვლევარების, მეცნიერების, მწერლების, გეოგრაფების, ისტორიკოსების მიმართ.
ახლახანს, ჩვენს ხელთ არსებულ ლიტერატურულ ფენომენებს დაემატა კიდევ ორი მარგალიტი, საშვილთაშვილო განძი და შედევრი, დახვეწილად აღწერილი და სიღრმისეულად გამოკვლეული ისტორია გოჩა ჭელიძის ავტორობით გამოცემული წიგნების ,,სვანეთის ისტორია“ და ,,თამარ მეფე“ სახით.
ისტორიული არქივების შესწავლა, მეცნიერი დედის, ქალბატონ ნელი გელაშვილის მიერ გამოქვეყნებული მასალები, უხუცესთა მიერ ნაამბობი ისტორია, უძველესი მითებისათვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა, წლების მანძილზე გაწეული ტიტანური შრომა, საკუთარი ქვეყნისა და კუთხის უკიდეგანო სიყვარული, ,,სვანეთის საიდუმლოებით მოცულ ქვეყანაში“ მოგზაურობის დიდი სურვილი დაედო ამ ყოველივეს საფუძვლად
ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ ვერ მყოფნის კომპეტენცია სრულყოფილად აღვწერო, შევაფასო და გადმოვცე სინამდვილე, თუ რაოდენ ოსტატურად, საინტერესოდ და სიღრმისეულადაა ჩვენამდე მოტანილი სვანური ენის მნიშვნელობა, სვანური სახელები, სვანეთის ისტორია, ტრადიციები, კულტურა, ფოლკლორი, წეს-ჩვეულებები, ადათები..
დიახ, ვერ მყოფნის კომპეტენცია, თუმცა, სამშობლოზე შეყვარებულ ყველა ქართველს შემიძლია თამამად მივულოცო და ვიამაყო, რომ ქართულ ბიბლიოთეკას შეემატა ისტორიული მნიშვნელობის წიგნები და გამოვთქვა საჯარო მადლიერება კრებულთა ავტორის მიმართ, ასევე, დიდი იმედი, რომ ყველა ადამიანის გულში და ყველას ოჯახში საპატიო ადგილს დაიკავებს ,,სვანეთის ისტორია „ და ,,თამარ მეფე“.