საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის სამუშაო ვიზიტი მესტიაში
16-17 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი).
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, საკრებულოს წარმომადგენლებსა და ა(ა)იპ-ების დირექტორებთან, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ცნობადობის გაზრდის მიზნით.
შეხვედრაზე, მიმდინარეობდა შიდა აუდიტის სუბიექტის ინსტიტუციური გაძლიერება, ფინანსთა სამინისტროსა და მესტიის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასების შედეგების მონიტორინგი.
ასევე, ხაზი გაესვა საჯარო ფინანსების ეფექტური მართვის მნიშვნელობას, მაღალმთიან რეგიონში ძლიერი შიდა აუდიტისა და გამართული შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირმა გელანტია-ახვლედიანი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი, ელეონორა ლომინეიშვილი.
შეხვედრაში, მონაწილეობდა, სსიპ შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის წარმომადგენელი, თათია უდესიანი, რომელმაც შიდა აუდიტორებს გაუზიარა შემოსავლების სამსახურის გამოცდილება საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და შემუშავებული დოკუმენტები.
რეფორმის მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი), რომელიც უზრუნველყოფს სისტემის ორივე მიმართულების: როგორც შიდა აუდიტის, ისე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებასა და ჰარმონიზაციას.
შესაბამისად აღნიშნული დეპარტამენტის მიერ, დაიწყო რეფორმის დანერგვა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებშიც, მათ შორის, მესტიის მუნიციპალიტეტში. ვინაიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ფინანსური მართვისა და კონტროლის და შიდა აუდიტის ფუნქციის თანაბარი განვითარება, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე.