ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ოფიციალური ვიზიტი
მესტიის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი ესტუმრა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან საქმიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქიანი.
მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოტენციური თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, სამეურნეო საქმიანობის მოდერნიზაციის, ცოდნის გაზიარებისა და კულტურული გაცვლის საკითხებში. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ორივე ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე, მოსახლეობების კეთლიდღეობაზე, ისევე როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნების საკითხებზე.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ გამოცდილებას მწვანე ენერგიის მიმართულებით და შესაბამის საჭიროებებს ჩვენს მაღალმთიან მუნიციპალიტეტში. ჩინეთი არის მწვანე ენერგიის ლიდერი ქვეყანა ქარის, მზის, ჰიდრო ენერგიის და ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება.
სპეციალური მოწვევით შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეგირების სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსები, რომელთაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა, გასულ წელს, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის დროს ჩინეთის მოქალაქეების გადარჩენისთვის.