პროექტი ბიზნეს ზონა

1 ნოემბერი, 2018

16-17 ოქტომბერს ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ (AFAD)  პროექტის „ბიზნეს ზონა“ ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სააქტო დარბაზში ჩაატარა საინფორმაციო ტრენინგები მესტიის მუნიციპალიტეტის მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სურსათის უვნებლობის თემაზე. შეხვედრის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის  DCFTA-ის რეგულაციების,  თანამედროვე წარმოების სტანდარტებისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე ცოდნის დონის გაუმჯობესება და ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. 

პროექტი „ბიზნეს ზონა“ გულისხმობს წარმოების თანამედროვე სტანდარტების, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) რეგულაციების, ბიზნესის განვითარების საქმეში მხარდაჭერას. ასევე იგეგმება საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შექმნა, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარებს DCFTA-ის ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებოდა ეკატერინე ბურკაძე- ევროკავშირის ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მეწარმეები- სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების, სასურსათო მაღაზიების, საბავშვო ბაღის  წარმომადგენლები. ტრენინგის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნა სურსათის ბიზნეს ოპერატორების მიმართ, თუ როგორ უნდა მოაწყონ საწარმო, როგორ დაიცვან ჰიგიენა და რა პირობებში უნდა შეინახონ პროდუქტი. ასევე ისაუბრეს საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემაზე (HACCP)- რომელიც არის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტი, რომ მეწარმემ შეძლოს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ სახელმწიფო კონტროლოს დროს.

შეხვედრა ჩატარდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესტიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურთან თანამშრომლობით.

პროექტი ემსახურება DCFTA-სთან დაკავშირებული თემების პოპულარიზაციასა და სამომავლოდ სტანდარტებთან დაახლოებასა და საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მომზადებას“-აღნიშნა „აგრო სახლი“-ს ხელმძღვანელმა მაია მიქავამ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივის (FASSI)“ ფარგლებში.

პროექტს - „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ (FASSI) - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით (GFA) ახორციელებს კონსორციუმი, რომლის წევრები არიან სამოქალაქო განვითარების სააგენტო(CiDA), ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია ათინათი (ATINATI).

    

გააზიარე