საკრებულოს დეპუტატების შეხვედრა სოფელ ლუხის მოსახლეობასთან

29 მაისი, 2019

22 მაისს, საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - შორენა ცინდელიანი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - მაია ხორგუანი და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე - ლაშა ფალიანი ხაიშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლუხს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა ეხებოდა შპს „დარჩის“ მიერ მოთხოვნილი, მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშში მდებარე, ორმელეთის ტერიტორიაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 25 (ოცდახუთი) ერთეული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემას, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთები მესტიის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა დამატებითი ქონების სახით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების (N1/1-642) საფუძველზე, შემდგომში მათი შპს „დარჩისთვის“ გადაცემის მიზნით. შპს „დარჩის“ საწარმოს აღებული აქვს ვალდებულება განახორციელოს 16.9 მვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (დარჩიჰესის) მშენებლობა მდ. დარჩი-ორმელეთზე.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლება ზემოთ აღნიშნული მცირე ჰესის მშენებლობას არ ეწინააღმდეგება და როგორც აცხადებენ, მათ ძირითად პრობლემას წარმოადგენს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები. საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ სოფელი ლუხის მაცხოვრებლების პრობლემებს და მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას შეპირდნენ. 
საკრებულოს დეპუტატები ასევე ესტუმრნენ ხაიშის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასაც, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნა და დაათვალიერეს ახალი საბავშვო ბაღის პირობები და მოინახულეს აღსაზრდელები.

გააზიარე