დეპუტატების შეხვედრა მულახის მოსახლეობასთან
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოლაში საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ლაშა ფალიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი საკრებულოს დეპუტატებთან და მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა მულახის თემის განაშენიანების პროექტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ, სოფელ მაჯვდიერში საბაგიროს მოწყობის თემა და აღნიშნული ტერიტორიის უსაფრთხოების საკითხი. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის განცხადებით საბაგიროს მშენებლობის ადგილი არის მეწყერ საშიში ზონა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით აუცილებელია გეოლოგიური კვლევების ჩატარება. მერიის წარმომადგენელმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო მულახის განაშენიანების პროექტზე თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში სადაც ყველა სოფლის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ხელის მოწერით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ მოსახლეობამ მოითხოვა აღნიშნულ დოკუმენტში შენიშვნის სახით ჩაემატოს, რომ საბაგიროს მშენებლობა დროებით გადაიდოს სანამ არ დადასტურდება მისი განსათავსებელი ტერიტორიის უსაფრთხოება. დოკუმენტში შესწორების შეტანის შემდეგ დაიწყება ხელმოწერების შეგროვება, რის შემდეგაც მულახის თემის განაშენიანების პროექტი განსახილველად და შემდგომ უკვე დასამტკიცებლად გადაეცემა საკრებულოს.