კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა

3 სექტემბერი, 2019

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად გაიხსნა კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელიც განხორციელდა იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი – ბატონი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე – ნანა ლომაძე, ადგილობრივი თვითმართველობისა და მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად. 
აღნიშნული პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2018 წლის 8 თებერვალს, ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ და იაპონიის საელჩოს შორის. პროექტის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი მესტიის მუნიციპალიტეტში, შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად. პროექტის ფარგლებში აშენდა რეგიონში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება 100–ზე მეტ ბენეფიციარს და გააუმჯობესებს მათი სიცოცხლის ხარისხს.
„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 

გააზიარე