მესტიაში ,,კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი’’ გაიხსნა

9 ოქტომბერი, 2019

ორგანიზაცია ,,ერთად რეალური ცვლილებებისათვის’’, ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით, აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, 2019 წლის სექტემბრიდან დაბა მესტიაში გაიხსნა ,,კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი’’. დღევანდელ პრეზენტაციას ბულგარეთის ელჩთან და მესტიის მერთან ერთად ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე, ა(ა)იპ ,,ერთად რეალური ცვლილებებისათვის’’ ხელმძღვანელი, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მომსახურება მესტიის მუნიციპალიტეტში პირველად შეიქმნა და ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით სრულად დაფინანსდა სარეაბილიტაციო ცენტრის შიდა აღჭურვა.
,,კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში" ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს შინ მოვლის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისა და ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამებით.
გახსნის ცერემონიის დასასრულს, ბულგარეთის ელჩმა პირადად გადასცა სერთიფიკატები ,,კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის’’ თანამშრომლებს. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ადგილობრივმა ანსამბლმა "რიჰო"-მ.

გააზიარე