ბესარიონ ნიჟარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი 170 წლის იუბილე
3-4 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტმა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VII“-ს უმასპინძლა, რომელიც ეთნოგრაფის, პუბლიცისტის, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის, ბესარიონ ნიჟარაძის, ხსოვნასა და მის 170 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
კონფერენციის ორგანიზატორი გახლავთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
3 აგვისტოს ღონისძიების ორგანიზატორებმა და სტუმრებმა უშგულში, ბესარიონ ნიჟარაძის საფლავზე მიაგეს პატივი მის ხსოვნას, საღამოს კი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ბესარიონ ნიჟარაძის საიუბილეო ღონისძიებას გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ბესარიონ ნიჟარაძის ღვაწლისადმი სათანადო პატივის მიგების აუცილებლობაზე ისაუბრა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა, ეთნოლოგმა როზეტა გუჯეჯიანმა და კონფერენციის სხვა მონაწილეებმა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“ და მესტიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა. კონცერტის დასრულების შემდეგ სპექტაკლის „ბეთქილ“-ის ჩვენება გაიმართა.
4 აგვისტოს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შედგა სამეცნიერო სესია - „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VII“, მიძღვნილი მოღვაწე ბესარიონ ნიჟარაძის 170 წლის იუბილისადმი.
აღნიშნულ კონფერენციაზე გაკეთდა შემდეგი მოხსენებები:
- პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი - „დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე - ქართული ეთნოგრაფიის სათავეებთან“
- პროფესორი ლელა ნიჟარაძე- „დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის ცხოვრების გზა“
- პროფესორი მანანა ლილუაშვილი-„დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“
- პროფესორი მირიან ხოსიტაშვილი-„სვანეთის ეთნოგრაფია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემებში“
- პროფესორი ზვიად კვიციანი-„სვანეთის არქეოლოგია - წარსული და თანამედროვეობა“
- მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ლევან კიკვიძე- „მედიაციის ინსტიტუტი სვანეთის ტრადიციულ ყოფაში“
- ესორი ეკა ჭკუასელი-„სვანურ ხალხურ რელიგიურ ტერმინთა ანალიზი“
სამეცნიერო სესიის დასასრულს გაიმართა დისკუსია დამსწრე საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.