აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტი მესტიაში
11 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საბჭოს წევრები-ვახტანგ ყოლბაია, თეიმურაზ მჟავია, როლანდ ნიჟარაძე და საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრა ადგილობრივ დევნილ მოსახლეობასთან ჩატარდა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში.
სტუმრებმა გულითადი სიტყვებით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნეს, რომ არახშირი შეხვედრების მიუხედავად, მათ მუდამ ახსოვთ სვანი დევნილები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ღვაწლი ომიანობის ჟამს ჭუბერის უღელტეხილიდან გადმოსული დევნილების მიმართ.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი დევნილი მოსახლეობის პრობლემების მოსმენა, საუბარი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობისა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზების შესახებ და სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის საჩუქრად სასურსათო პაკეტების გადაცემა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს და ჩაინიშნეს დევნილთა პრობლემები და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვეს მათ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნელი ნავერიანმა ისაუბრა იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელიც მოსახლეობის საკეთილდღეოდაა მიმართული.
დასასრულს, მადლიერების ნიშნად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით საპატიო სიგელი იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ გამოჩენილი თანადგომისათვის გადაეცათ კაპიტონ ჟორჟოლიანს და ნელი ნავერიანს, პედაგოგიური და წარმატებული სამეწარმეო საქმიანობისათვის კი მრავალშვილიან დედას- ლელა ფერცულიანს.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მადლობას ვუხდით აფხაზეთის უმაღლესი საბჭ
ოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და ჩვენი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.