წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა საჩვენებელი მუსიკალური ღონისძიება
წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის სკოლა-გიმნაზიაში, მოწვეულმა ფოლკლორის და ვოკალის პედაგოგმა, ქალბატონმა მარინე ჩარაშვილმა, ადგილობრივი მოზარდი თაობისგან შემდგარი ანსამბლის მონაწილეობით საჩვენებელი ღონისძიება გამართა, რომელსაც მოსწავლეების მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ.
პროექტი განხორციელდა დეკანოზ ბასილის (ლევან ფილფანი), ინიციატივით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ერთი თვის განმავლობაში მოწვეული მენტორი ყოველდღიურ რეჟიმში ასწავლიდა ბავშვებს უნიკალურ და უძველეს ქართულ საგალობლებს, რომელიც მოსწავლეებმა გასაოცრად წარმოადგინეს.
ქალბატონმა მარინე ჩარაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საოცარმა და ნიჭიერმა ბავშვებმა დიდი მონდომებით შეისწავლეს ურთულესი საგალობლები და ეზიარნენ ფასდაუდებელ ქართული კულტურის საგანძურს. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთი თვის თავდაუზოგავი შრომით დათესა ის მარცვალი, რომელიც აუცილებლად დიდ ნაყოფს გამოისხამს.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ქალბატონ მარინეს გაწეული შრომისთვის, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისათვის, რომელიც არასოდეს იშურებს ძალისხმევას ადგილობრივი ახლგაზრდა თაობის ფიზიკური, ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი განვითარებისთვის.