ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ცხადდება პირველკლასელთა რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლისათვის

13 მარტი, 2024

გაცნობებთ, რომ ცხადდება პირველკლასელთა რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლისათვის. რეგისტრაცია ხორციელდება ოთხ ეტაპად:

I ეტაპი - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ელექტრონული რეგისტრაცია - 2024 წლის 06 მარტიდან 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით; რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენლი უთითებს ბავშვის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას და ავსებს მშობლის მომართვის ფორმას სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (იხ. დანართი). მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ფსიქოლოგებით, სპეციალური მასწავლებლებით, ფსიქიატრებით, ბავშვის განვითარების სპეციალისტებით, კონსულტაციას გაუწევს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სკოლის შერჩევისა და ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობისთვის. ბავშვის შეფასება უფასოა. I ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით. საქართველოში ფუნქციონირებს 7 სპეციალიზებული სკოლა, სადაც ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე:

  • გონებრივი განვითარების შეფერხების, მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის 2 თბილისში, 1 ახალციხეში და 1 ჭიათურაში. თბილისის 1 სკოლის გარდა, დანარჩენ 3 სკოლას აქვს პანსიონიც სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის.
  • სმენის დარღვევის მქონე და ყრუ მოსწავლეებისთვის 1 თბილისში და 1 ქუთაისში. ორივე სკოლას აქვს პანსიონი სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის.
  • მხედველობის დარღვევის მქონე და უსინათლო მოსწავლეებისთვის 1 სკოლა თბილისში. სკოლას აქვს პანსიონი სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. სპეციალიზებულ სკოლა-პანსიონებში მომსახურება სრულად უფასოა.

II ეტაპი - რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა - 2024 წლის პირველი მაისიდან 16 მაისის ჩათვლით; ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაციას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. III ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 20 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით ვებგვერდზე registration.emis.ge საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. IV ეტაპი - რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით.

III ეტაპის დასრულების შემდგომ განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ. კერძო სკოლებში რეგისტრაციის სურვილის მქონე მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს უშუალოდ სკოლას. ინფორმაცია ავტორიზებული კერძო სკოლების შესახებ შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. 

პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის წარსადგენი დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აქვე დამატებით შეგახსენებთ, რომ დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. სახელმწიფოს მიერ ხორციელდება მონიტორინგის ღონისძიებები. მშობლის/მეურვის მხრიდან განათლების უფლების შეზღუდვა განიხილება როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ოჯახთან მუშაობას იწყებენ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოები. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხიც (როგორც უკიდურესი ზომა). ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დასაშვებია სკოლამდელ დაწესებულებაში მომსახურების გაგრძელება იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის სკოლამდელი განათლებაში დამატებით დარჩენა რეკომენდებულია არაუმეტეს ერთი სასწავლო წლისა.

ასევე, მშობელთა ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ენის - ქართული ენის სწავლება ყველა სკოლაში სავალდებულოა. ასევე, ყველა საჯარო სკოლაში სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება. მეორე უცხოური ენის სწავლება წარმოებს სკოლის/მოსწავლეების არჩევანის შესაბამისად: გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული, თურქული, უკრაინული, ესპანური და სხვა

გააზიარე