იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტი პირველ საზოგადოებრივ ავტობუსს შეიძენს
მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს, მონაწილეობდა საქართველოში იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსში.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ საგრანტო კონკურსში წარადგინა პროექტი „მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენა“, რომლის ფარგლებშიც მოითხოვა 70 ათასი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება.
შემდგომში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ტური და საბოლოოდ გაიმარჯვა GGP ადამიანის უსაფრთხოების კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მოიპოვა დაფინანსება 72 600 აშშ დოლარის ოდენობით.
ამასთან, პროექტი არის თანადაფინანსებითი. შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტი გადაიხდის სულ მცირე, 82 722 ლარს და უზრუნველყოფს პირველი საზოგადოებრივი ავტობუსისთვის ინფრასტრუქტურის გამართვას, მათ შორის გაჩერებების მოწყობას დაბა მესტიაში და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტობუსის სადგომის მოწყობას, ავტობუსის მოძრაობის არეალში საპარკინგე ადგილების განსაზღვრას და სხვა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე მიიღო მუნიციპალიტეტის საკრებულოდან თანხმობა საქართველოში იაპონიის საელჩოს გრანტის მიღებასა და საქართველოს მთავრობისადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოში იაპონიის საელჩოს შორის.
აქვე მოგახსენებთ, რომ ადამიანის უსაფრთხოების აღნიშნული საგრანტო პროგრამა (GGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ–ერთ საგრანტო სქემას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში. დაფინანსება მოიცავს მათ შორის, პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის გადარჩენის, სიცოცხლის, ადამიანის ღირსების დაცვისკენ. ასევე, დაფინანსება მოიცავს ქმედებებს, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანებისა და ადგილობრივი თემის შესაძლებლობების განვითარებაზე.