კამპანია „გამოწვევა კიბოს სკრინინგი 2020“
მოსახლეობის საყურადღებოდ !
კამპანია „გამოწვევა კიბოს სკრინინგი 2020“-ის ფარგლებში 2020 წლის 7-8 აგვისტოს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისა და თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის ჩაატარებს უფასო სამედიცინო გასინჯვებს.
ასევე ჩატარდება დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტის თემების - ლატალი, მულახი, ნაკრა, ჭუბერის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები, რომლის თემაც იქნება COVID-19 პანდემია და ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია და სკრინინგი.
მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებენ შემდეგი სპეციალობის ექიმები: ონკოლოგი, თერაპევტი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი.
სამედიცინო გასინჯვები 7 აგვისტოს განხორციელდება მესტიის საავადმყოფოს, ხოლო 8 აგვისტოს - ჭუბერის ამბულატორიის შენობებში.
COVID-19 პანდემია ახალი გამოწვევაა მსოფლიო საზოგადოებისთვის, რომელმაც კონკრეტული წესების დაცვის და უნარ-ჩვევების შეთვისების აუცილებლობა განაპირობა. უმნიშვნელოვანესია ამ ინფორმაციის მიწოდება როგორც სამედიცინო საზოგადოების, ასევე მოსახლეობის ფართო მასებისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებებში როგორც ინფორმაციის გავრცელების, ასევე სამედიცინო პერსონალის პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვის მხრივ.
შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორ ორგანიზაცია - ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით 2019 წლის ნოემბერში ზუგდიდში გახსნა სკრინინგ ცენტრი, რომელიც ემსახურება როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ისე აფხაზეთის კონფლიქტური რეგიონის საზღვრისპირა მოსახლეობას.