კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი სვანეთში
კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი სვანეთში დასრულდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით სვანეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სსიპ ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა და მის დირექტორად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად კვიციანი დაინიშნა.
მინისტრმა ზვიად კვიციანისგან მოისმინა ინფორმაცია მისი დირექტორად დანიშვნიდან დღემდე შესრულებული სამუშაოების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის მიერ სწორედ ზვიად კვიციანს დაევალა მუზეუმში ინვენტარიზაციის პროცესის წარმოება, რომლის შემაჯამებელი მასალებიც სამინისტროს უკვე გადაეცა.
ზვიად კვიციანის ინიციატივით დაიწყო ასევე სვანეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებში თავმოყრილი სიძველეებისა და ექსპონატების აღწერა და დადარება-შეჯერება, რაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა.
ამ მიზნით, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმის მხარდაჭერის საბჭო“, რომელიც შესაბამის ორგანიზაციებთან მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობით ახორციელებს პროცესს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და გადარჩენას გულისხმობს.