ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

„მესტია უკრაინისთვის“

28 თებერვალი, 2022

„ძვირფასო სვანებო და ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებო, მოგმართავთ უკრაინაში არსებული უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე. უკრაინა, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი ქვეყანა, დღეს თავგანწირვით იბრძვის თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. უკრაინელი ხალხის ერთობა და პატრიოტიზმი, რომელსაც ის დღევანდელ საომარ პირობებში ავლენს, სამაგალითო გახდა მსოფლიოსთვის. დღეს, ვის თუ არა ჩვენ, ქართველ ხალხს, ყველაზე კარგად გვესმის რას ნიშნავს, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, საკუთარი სახელმწიფოს ერთიანობის დაცვა.

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი, მეგობრობს უკრაინის ქალაქ სლავსკესთან, უკრაინკის მუნიციპალიტეტთან და ობუხივის ოლქთან, რაც უკვე მეოთხე წელია არაერთი კულტურული, ახალგაზრდული თუ ტურისტული, ერთობლივი, ღონისძიებით გამოიხატება.

ამ მძიმე პერიოდში, გამოვთქვამთ რა  უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას,   მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სახელით, გამოვყოთ თანხა 20 000 ლარის ოდენობით, უკრაინელი თანამოძმეების ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.

ამასთანავე, მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორებს, ადგილობრივ მოსახლეობას, სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩაერთოთ აღნიშნულ ჰუმანიტარულ აქტში:

უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, დამატებით, გახსნილია სპეციალური ანგარიში - GE11BG0000000528667587, სს „საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი: BAGAGE22; მიმღები - თეიმურაზ ნავერიანი (მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი) - გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ „მესტია უკრაინისთვის“.

შეგროვებული თანხა მოხმარდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოში უკრაინის საელჩოსთან კოორდინაციის საფუძველზე გამოკვეთილ პირველად საჭიროებებს.

აქვე, მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას ვუხდით ყველა იმ ადგილობრივ სასტუმროს თუ კერძო ბიზნესის წარმომადგენელს, რომელთაც ამ დღეებში გამოიჩინეს გულისხმიერება და თანადგომა მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ“.

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე

28 თებერვალი, 2022 წელი

 

გააზიარე