მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საჰაერო და მიწისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის 14 995 434 ლარი დაიხარჯება, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს. პროგრამის მიზანია მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს კერძო ოპერატორების მიერ საცალო ქსელების მშენებლობას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას.
ქსელის მშენებლობას ახორციელებს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით. ამასთანავე, გაცნობებთ რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტსა“ და შპს „ენსისტემს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს შპს „ენსისტემი“ახორციელებს.
პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამუშაოები ჩატარდება დაბა მესტიიდან ლახამულას ტერიტორიულ ერთეულამდე, დარჩენილი მონაკვეთი კი მომავალი წლის 25 სექტემბრამდე დასრულდება.