ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მეხორბლეობის განვითარება მუნიციპალიტეტში

8 ნოემბერი, 2024

მოგეხსენებათ, ხორბალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურაა, რომელიც მილიარდობით ადამიანს საკვებით უზრუნველყოფს. ეს არის უაღრესად ადაპტირებადი კულტურა, რომელიც იზრდება სხვადასხვა კლიმატსა თუ ნიადაგის ტიპებში.

საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის ქვეყანაცაა.

მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 კულტურული სახეობიდან საქართველოში 14 სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 5 ენდემური ჯიში. ეს ჯიშები გამოირჩევა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებებისადმი გამძლეობით.

რამდენიმე წლის წინ, ფარის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ლუჰაში მცხოვრები თენგიზ დადეშქელიანი დაინტერესდა ხორბლის მოყვანით, შეიძინა ქ. ზუგდიდში ერთი ტომარა სათესლე ხორბალი და მოსავალი ტონა ნახევარზე მეტი აიღო.

ხორბლის დამუშავება-დაფქვის შემდეგ, ოჯახის დიaსახლისმა- როენა ჩხვიმიანმა შინ გამომცხვარი პურის არომატი ძალიან შეიყვარა და გადაწყვიტა, უფრო სერიოზულად მოეკიდათ ხელი მეხორბლეობისათვის.

2023 წელს, მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, დაიწყო საშემოდგომო სათესლე ხორბლის უსასყიდლოდ დარიგება მოსახლეობისათვის.

დადეშქელიანების ოჯახს საშუალება მიეცა განევითარებინა მეხორბლეობა, ისინი სიყვარულით შეეუდგნენ ამ საქმეს და დღეს უკვე რეალიზაციას უწევენ შინ გამომცხვარ პურს, რომლის არომატიც მართლაც განსხვავებულია.

მეცნიერული კვლევების მიხედვით ხორბალი მომავლის ერთ-ერთი პერსპექტიული კულტურაა.

ქართული ხორბალი მჭიდროდაა დაკავშირებული ტრადიციებთან და რიტუალებთან. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა მისი მოყვანის, გადამუშავებისა და გამოყენების უნიკალური მეთოდები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ხორბლის უხვი მოსავლის ასაღებად მნიშვნელოვანია პროცესის ყურადღებით დაგეგმვა.

პროცესის სწორად დასაგეგმად შესაძლებელია კონსულტაციის გავლა პროფესიონალებთან, მათი რეკომენდაციების გათვალისწინება კი არის უხვი მოსავლის საწინდარი.

მეხორბლეობით დაინტერესებულ ფერმერებს მომავალ წელსაც ექნებათ საშუალება ისარგებლონ ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერის პროგრამით და განავითარონ მეხორბლეობა მუნიციპალიტეტში.

გააზიარე