ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ნაკრის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

4 აგვისტო, 2022

მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ორსართულიანი სპორტული კომპლექსი გაიხსნა.

სპორტულ დარბაზში ჩატარდება ვარჯიშები სპორტის შემდეგ სახეობებში: ძიუდოში, ქართულ ჭიდაობაში, კიოკუშინ კარატეში და ფრენბურთში.

სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს, როგორც შიდა, ასევე რეგიონალურ ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან და მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 437 526 ლარი გამოიყო. მშენებლობის ფარგლებში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, საშხაპეები და გასახდელები, შენობაში განთავსებულია ასევე მედდის კაბინეტი, სპორტული ცენტრის მენეჯერის ოთახი და იარუსები მაყურებლისთვის.

ახალი კომპლექსი საზეიმოდ გახსნეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ადგილობრივმა მკვიდრმა სოზარ სუბარმა.

აღნიშნულ ცენტრში სამომავლოდ ასევე დაგეგმილია კრივის რინგის, საცოცი კედლის და ტრენაჟორების მოწყობა.

გააზიარე