საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“
25 ივნისს, მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელი“ ფინალური ტური გაიმართა.
კონკურსი მიზნად ისახავს ისტორიის საგნის პოპულარიზაციას.
პროექტის ავტორები არიან ირაკლი მიქიანი და ლევან ჟვანია. მათ ქვეყნის მასშტაბით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი აქვთ განხორციელებული და როგორც თავად განაცხადეს, გაჩერებას არ აპირებენ.
კონკურსი ,,დიდგორელი'' მოიცავდა 4 ეტაპს.
პირველ ეტაპზე სკოლებმა შიდა კონკურსით გამოავლინეს შემდეგ ტურში გამსვლელი მოსწავლეები.
მეორე ტურში მოასპარეზე 100-ზე მეტი მოსწავლიდან მესამე ტურში 50 მონაწილე გადავიდა.
მესამე ტურში მონაწილეობა მიიღეს იდლიანის, ყარ-სგურიშის, ნაკრას, ფარის, ეცერის, ბეჩოს, ცხუმარის, ლატალის, ლენჯერის პირველი, ლენჯერის მეორე, მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის მეორე, მესტიის მესამე, იელის, მულახის, რევაზ მარგიანის სახელობის მუჟალის, კალას და უშგულის საჯარო სკოლებისა და მესტიის წმინდა ლარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა.
მესამე ტურში გასული მოსწავლეებიდან გამოვლინდნენ ფინალისტები- ბექა ქურდიანი ( მულახის სკოლა), თინათინ ჯაფარიძე (სკოლა გიმნაზია), ადელა კვანჭიანი (ლატალის სკოლა), ლუკა ნიჟარაძე (უშგულის სკოლა) და მარიამ კვანჭიანი (იდლიანის სკოლა).
კონკურსის გამარჯვებული გახდა მულახის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა ქურდიანი, რომელიც პროექტის გენერალური სპონსორისგან, კომპანია არემჯისგან მიიღებს „დიდგორელის“ 6 თვიან სტიპენდიას.
დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ფინალისტები, ნახევარფინალისტები და ისტორიის პედაგოგები. თითეულ მათგანს საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა წიგნი საქართველოს ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ ირმა ჯაჭვლიანის წიგნი „დედას დღიურები (აფხაზეთის ომი)“. ირმა ჯაჭვლიანის ინიციატივით დაჯილდოვების ცერემონიალის დროს მოეწყო მისი წიგნის გაყიდვა და შემოსული თანხა გადაეცა პროექტის გამარჯვებულს.
ასევე, ყველა მონაწილესა და მათ პედაგოგებს საჩუქრად გადაეცათ სხვადასხვა ისტორიული წიგნები.