ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საინფორმაციო შეხვედრა ბიო ხორბლის მოყვანასთან დაკავშირებით

26 ივლისი, 2022

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, ბიო ხორბლის მოყვანასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

 შეხვედრას უძღვებოდნენ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიო ხორბლის მსხვილი მწარმოებელი, ანზორ მაისურაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სპეციალისტი, მირიან ჩოხელი. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები და სოფლის მეურნეობის პროგრამების ადგილობრივი წარმომადგენლები.

 შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს უძველესი ენდემური ხორბლის ჯიშების შესახებ. ასევე ისაუბრეს სვანური ხორბლის ისტორიულ ჯიშებზე და ნიმუშებზე, რომლებიც მცენარეთა გენეტიკური რესურსის მსოფლიოს სხვადასხვა ბანკში ინახება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან.

 მეხორბლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააუზიარეს პირადი გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით და ხორბლის წარმოებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია.

 შეხვედრაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა დარგის სპეციალისტებთან ერთად, განიხილა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ზემო სვანეთში ენდემური ხორბლის ჯიშების დაბრუნებას და ბიო ხორბლის მასობრივ წარმოებას, რაც თავის მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში აგროტურიზმის განვითარებისთვის.

 შეხვედრის ინიციატორი გახლდათ, ლენჯერის თემის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების დოქტორანტი, ქალბატონი ეკატერინე უდესიანი.

 შეხვედრის დასასრულს გაიმართა, ქართული სხვადასხვა ჯიშის ხორბლის ფქვილით წარმოებული პურის დეგუსტაცია.

გააზიარე